Marani Logo

ღვინის ლექსიკონი

არომატი (Aroma)

ახალი ღვინის სუნი, რომელიც მოგვიანებით შეიძლება დახვეწილ ბუკეტად გადაიქცეს. ღვინოში შეიძლება შეგვხვდეს ხილის, ბოსტნეულის, ცხოველური ზეთების და სხვა არომატები, რომელთა ნაერთიც ღვინის ბუკეტს ქმნის. ერთმანეთისგან ანსხვავებენ პირველად არომატს, რომელსაც ყურძნის კანი განაპირობებს, და მეორადს, შეძენილს დუღულის შედეგად, რომელიც ხშირად პირველადს არბილებს. ვაზის ზოგიერთი ჯიში (მაგალითად, მუსკატი) განსაკუთრებული არომატის ღვინოს იძლევა. 

არომატიზირებული ღვინო (Aromatized wine)

როგორც წესი, ესაა შემაგრებული ღვინო, რომელშიც შეიძლება დამატებული იყოს 50-მდე არომატული ნივთიერება. მიღებული გემო მომწარო-მოკტბოა. არომატიზირებისთვის გამოიყენება სხვადასხვა ბალახი, ხილი, ყვავილი, მარწყვი, ქინინი, ფორთოხალი, და სხვა.

ასაკი (Age)

ღვინის მომწიფების პერიოდი, რომელიც საჭიროა რაც შეიძლება უკეთესი გემოსა და არომატის მისაღწევად. ღვინოები სხვადასხვა გზით ძველდება, როგორც მუხის ან უჟანგავი ფოლადის დიდ კასრებში, ასევე ბოთლებში. რთული ღვინოების ხარისხი დაძველების შედეგად უმჯობესდება, მაშინ როდესაც მარტივი ღვინოების დაძველება მიზანშეწონილი არ არის.

ასამბლაჟი (Assemblage)

ცქრიალა ღვინის წარმოების ერთ-ერთი მეთოდი, რომლის დროსაც ერთი და იმავე ჯიშის, მოსავლის და ზონის ყურძენი ერთმანეთში ირევა და ერთად იწურება.

ასკორბინის მჟავა (Ascorbic Acid)

ანტი-ოქსიდანტი, რომელიც ცნობილია აგრეთვე როგორც C ვიტამინი; განსაზღვრული რაოდენობით ამატებენ თეთრ ახალგაზრდა ღვინოებში,  ენზიმური და ასევე არაენზიმური დაჟანგვის თავიდან ასაცილებლად.  

ასტი სპუმანტე (Asti Spumante)

შესანიშნავი შუშხუნა ღვინო პიემონტიდან (იტალია), რომელიც მუსკატის ჯიშის ყურძნისაგან მზადდება. ქაფის მიღება ხდება პირველი დუღილისას დახურულ ავზში, რის შედეგადაც მუსკატი თავის გემოს და დამახასიათებელ არომატს ინარჩუნებს.

აცეტალდეჰიდი (Acetaldehyde)

ძირითადი ალდეჰიდი, რომელიც ყველა ღვინოში გვხვდება, თუმცა განსაკუთრებით დიდი რაოდენობით შერის ტიპის ღვინოებშია. მსუბუქ თეთრ ღვინოებში აცეტალდეჰიდის მცირე რაოდენობა აძლიერებს ღვინის ბუკეტს, მაგრამ მისი გადაჭარბებული შემცველობა არასასურველია, რადგან ის ღვინოს არასტაბილურს ხდის, მისი დაჟანგვის რისკს აძლიერებს და შერის მსგავს სუნს აძლევს.

ახალგაზრდა (Bourru)

ტერმინი გამოიყენება დეგუსტაციისას იმ ღვინოების არსანიშნავად, რომელშიც ჯერ კიდევ არ დამჯდარა საფუარი და შენარევები კასრის ძირში.

ახალგაზრდა (Young)

სასურველი მახასიათებელი, რომელიც უბრალო ღვინოებში მათ სიქორფეს და სიცოცხლისუნარიანობას უკავშირდება. რთულ ღვინოებთან დაკავშირებით ეს ტერმინი ნიშნავს, რომ ღვინო არ არის საკმარისად დაძველებული.

ბაგა (Nursery)

ღვინოების განსავითარებელი. იარუსული სისტემით განლაგებული კასრები, რომელშიც ძველდება ღვინო ან შერი.