Marani Logo

თელავის ღვინის მარანმა Covid-19-ის გავრცელების პრევენციისთვის StopCoV ფონდში 300,000 ₾ გადარიცხა

24 მარტი 2020

ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით თელავის ღვინის მარანის თითოეული თანამშრომელის სახელით გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ექიმებს, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს, პოლიციის ეკიპაჟებს, სამთავრობო უწყებებს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც 24 საათიან რეჟიმში იბრძვის Covid-19-ის გავრცელების წინააღმდეგ. ასევე მადლობა საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც შეუძლია გაითვალისწინოს მითითებები სოციალური დისტანციის თაობაზე და სახლიდან განაგრძობს მუშაობას და რა თქმა უნდა მათ, ვინც სამსახურეობრივი მოვალეობებიდან გამომდინარე ჩვეულ რეჟიმში მუშაობს რეკომენდაციების დაცვით და არ აჩერებს პროცესებს უამრავ საჯარო თუ კერძო დაწესებულებაში ისევ და ისევ ზოგადი კეთილდღეობის შესანარჩუნებლად.

 

გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ვირუსის პრევენციაში, რის გამოც სპეციალურად შექმნილ StopCoV ფონდში უკვე გადაირიცხა 300,000 ლარი. ჩვენი კომპანია, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ვირუსის გავრცელების პირველივე დღიდან მკაცრად მიყვება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს, პირველ რიგში ჩვენივე თანამშრომლების უსაფრთხოებისთვის. რისკ ჯგუფებში არსებული თანამშრომლები დისტანციურად აგრძელებენ მუშაობას, საწარმო კი კონკრეტული მითითებების გათვალისწინებით განაგრძობს ოპერირებას, იმისთვის, რომ შევძლოთ თქვენთვის ნაცნობი ხარისხის ღვინის შეუფერხებლად წარმოება და დროული მოწოდება. ჩვენი დასაქმებულებიც სწორედ ის თავდადებული და საამაყო ადამიანები არიან, რომლებიც მუშაობენ თქვენთვის, ასე რომ დარჩით სახლში და დაიცავით გარშემომყოფები!

 

#StopCoV

#დარჩისახლში

#დაიცავიდისტანცია