Marani Logo

ჩვენი ვენახები

ჩვენს კონდოლის ვენახებს 240 ჰ ფართობი უკავია მდინარე ალაზანის მარჯვენა ნაპირზე ქ. თელავის სიახლოვეს, ცივ-გომბორის უღელტეხილის ჩრდილოეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 350-450 მ სიმაღლეზე. კონდოლის ღვინო პირველად მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ თავის “აღწერა სამეფოსი საქართველოსი” (1742 წლის რედაქცია) შიდა კახეთის აღწერისას და მას შემდეგ, თითქმის უკვე სამი საუკუნეა, რაც საუკეთესო ხარისხის კახური ღვინის ეტალონს წარმოადგენს.

 

ისევე, როგორც მსოფლიოს ტრადიციულ ღვინის ქვეყნებში, კონდოლის ვენახის ღვინის ხარისხი განპირობებულია კონკრეტული ვენახით, ვაზის ჯიშებით, ვენახის მოვლის მრავალი ნიუანსით და იმ განუმეორებელ კლიმატური და ნიადაგობრივი თავისებურებების კრებულით, რასაც ფრანგები ტერუარს (terroir) უწოდებენ. ასეთ, ვენახიდან ღვინის წარმოების,  პროცესს ღვინის აღზრდა ჰქვია. ჩვენ ეს პროცესი 1997 წლიდან დავიწყეთ კონდოლის ვენახების განახლებით და მას დღემდე ვაგრძელებთ.

 

ნიადაგი აქ ხირხატიანია, ალუვიური–აყალო, განფენილი  კირქვის საშუალო სიღრმის შრეზე. მდინარე ალაზანის მარცხენა ნაპირზე, კავკასიონის ქედსა და მარჯვნიდან ცივ-გომბორის მთის კალთებს შორის მოქცეული აქაური ჰავა გარდამავალია ნოტიო სუბტროპიკულიდან კონტინენტურისკენ. კავკასიონის მყინვარიდან მონაბერი გრილი სიო იწვევს დღე-ღამური ტემპერატურების მერყეობას ფართო დიაპაზონში, რაც, თავის მხრივ, იდეალურ მიკროკლიმატს ქმნის ყურძნის საუკეთესოდ მომწიფებისთვის. კონდოლის ვენახების  30% უკავია თეთრი ყურძნის ჯიშებს, ხოლო 70% - წითელს. ვენახი ძირითადად გაშენებულია ადგილობრივ ქართული ჯიშის ვაზებით: საფერავი, რქაწითელი, ალექსანდროული, მწვანე და ქისი. ფართობის მცირე ნაწილი ეთმობა საერთაშორისო ჯიშებს: კაბერნე სოვინიონი, მერლო, მალბეკი, შარდონე და რისლინგი. 

 

ჩვენი კიდევ ერთი, 30.5 ჰა საფერავის ვენახი გაშენებულია ალაზნის მარცხენა ნაპირზე, კუდიგორის გადმოსწვრივ, ქინძმარაულის ცნობილ ადგილწარმოშობის ზონაში. აქვე, ამავე ვენახის 9 ჰექტარის მოვლა და მართავა, უკვე სამი წელიწადია მიმდინარეობს ორგანული მევენახეობის წესების თანახმად. 2012 წლის დასაწყისში გავიარეთ საბოლოო აკრედიტაცია და მივიღეთ ორგანული ვენახის ევროპული სერთიფიკატი.

 

ჩვენი ვაზის გაშენების წესი და გასხვლის სისტემა ტრადიციულია კახეთისთვის: ორმხივი გუიო ან ორმხრივი კორდონი. ვაზის სიხშირე ჰექტარზე 2400-3400 ძირია და წლის მოსავალი ჰექტარზე არ აღემატება 90 ჰექტოლიტრ ღვინოს  სტანდარტული ღვინოების სერიისთვის.