Marani Logo

Wine Glossary

ალკოჰოლიანი (Alcoholic)

სადეგუსტაციო ტერმინი; ნიშნავს ღვინოს, რომელშიც ჭარბადაა ალკოჰოლის რაოდენობა, რის გამოც მისი ბალანსი დარღვეულია. ამიტომ ტერმინი ხშირად უარყოფითი მნიშვნელობით გამოიყენება.

 

ამარონე (Amarone)

მაგარი, მშრალი, დაძველების დიდი პოტენციალის მქონე წითელი ღვინო იტალიის ვენეტოს რეგიონიდან. ამ ღვინისთვის განკუთვნილი ყურძენი დაწურვამდე 3 თვის განმავლობაში შრება სპეციალურ თაროებზე. ამარონე მზადდება სხვადასხვა ჯიშის ნაწილობრივ გამშრალი წითელი ყურძნის ნაზავისაგან, ძირთადად – კორვინა ვერონეზესაგან. ალკოჰოლის შემცველობა ამ ღვინოში 15%-ს აღწევს.

ამინი (Amigne)

თეთრი ყურძნის უძველესი ჯიში, რომელიც მთელ მსოფლიოში მხოლოდ 18 ჰექტარზე ხარობს ვალეში (შვეიცარია). ეს ყურძენი გვიან მწიფდება, რის შედეგადაც საუკეთესო თვისებებს იძენს. ამ ყურძნისგან დაწურული ღვინო გამოირჩევა ნაზი გემოთი, არაჩვეულებრივი სირბილით, მანდარინის არომატით. 
 

ამონტილადო (Amontillado)

ესპანური შერის ნაირსახეობა, სრულიად მშრალი ღვინო, რომელიც კასრებში ძველდება და ბრენდის დამატების შემდეგ ალკოჰოლის 16%-იან შემცველობამდე მაგრდება. გამოირჩევა ტყის თხილის არომატით.

ამპელოგრაფია (Ampelography)

ყურძნის ჯიშების შესწავლა, აღწერა და იდენტიფიკაცია.

ანჟუ (Anjou)

რეგიონი საფრანგეთში, სადაც თავმოყრილია მრავალი ჯიშის ყურძენი და ყველა სტილის ღვინო. ვარდისფერი ღვინო აქ წარმოებული პროდუქციის 45%-ს შეადგენს. ანჟუს ყველაზე გავრცელებული ყურძნის ჯიში შენინ ბლანია; აქ აგრეთვე გვხვდება კაბერნე ფრანი, გამეი და გროლო.

ანტი-ოქსიდანტი (Anti-Oxidant)

ნებისმიერი ქიმიური ელემენტი, რომელიც ხელს უშლის ყურძნის ან ღვინის დაჟანგვას (ოქსიდაციას).

აპერეტივი (Aperitif)

ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი, (შამპანური, ვერმუტი ან თეთრი ღვინო), რომელიც ისმევა ჭამის წინ, როგორც მადის აღმძვრელი.
 

არგენტინა (Argentina)

ამ ქვეყნის საუკეთესო წითელი ღვინოები მალბეკის ჯიშის ყურძნისაგან მიიღება, ფართოდ გამოიყენება აგრეთვე კაბერნე სოვინიონი, მერლო და შავი პინო. თეთრი ღვინოებისთვის გამოიყენება შარდონე, შენინ ბლანი და სემილიონი.

არვინი (Arvine)

ვაზის ძველი ჯიში ვალედან, რომელიც გვიანი მომწიფების შედეგად საუკეთესო ნაყოფს იძლევა. მისგან დამზადებული ღვინო ძალიან სასიამოვნო დასალევია, გამოირჩევა გრეიპფრუტისა და ლიმნის არომატით. არვინისაგან მიღებული თეთრი ღვინოები ხანგრძლივი დაძველების შედეგად საუკეთესოდაა მიჩნეული.